კულება: აშშ უკრაინელ სამხედროებს Patriot-ებზე დაჩქარებულად გაწვრთნის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტმა ამერიკაში აჩვენა "რამდენად მნიშვნელოვანია აშშ უკრაინისთვის და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინა შეერთებული შტატებისთვის". ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის ჩასვლის დღეს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 1.85 მილიარდი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ების ბატარეას.

"ეს ნაბიჯი კარს უხსნის სხვა ქვეყნებს იგივეს გასაკეთებლად", - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, აშშ-ს მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა საჰაერო თავდაცვისთვის, რომ უკრაინელი სამხედროების წვრთნა ჩვეულებრივზე სწრაფად დაასრულოს "ბრძოლის ველზე ამ იარაღის გამოყენების ხარისხზე ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე".

სწავლების ვადებზე საუბრისას კულებამ განაცხადა, რომ ეს იქნება "ექვს თვეზე ბევრად ნაკლები" და წვრთნა უკრაინის გარეთ ჩატარდება.

ერთი Patriot-ის ბატარეას დაახლოებით 90 ჯარისკაცი მართავს და მოიცავს კომპიუტერებს, ბრძოლის მართვის სისტემას, ეტაპობრივ რადარს, ელექტროენერგიის გამომუშავების აღჭურვილობას და რვამდე გამშვებს.

პენტაგონმა აღნიშნა, რომ პლატფორმის კონფიგურაციიდან გამომდინარე, პატრიოტის სისტემის ღირებულება 450-550 მილიონი დოლარია, ხოლო ერთი რაკეტა დაახლოებით 4 მილიონი დოლარი ღირს.

მსგავსი სიახლეები