კულება: ბელარუსის არმიას უკრაინაში ბრძოლა არ სურს
თუ ბელარუსის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შევა, მას იგივე ბედი ელის, რაც რუსეთის არმიას - უკრაინელი სამხედროები მას გაანადგურებენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
"ჩვენ ძალიან მარტივად და მკაფიოდ ვუთხარით ბელარუსულ მხარეს, რომ თუ მათი შეიარაღებული ძალები შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე და დაიწყებენ საბრძოლო მოქმედებებს, ისინი უმოწყალოდ განადგურდებიან, ისევე როგორც რუსული არმია ნადგურდება", - განაცხადა კულებამ.
მან აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს "აბსურდული იდეები" ადამიანების სიკვდილს იწვევს.
მინისტრის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ ბელორუსის არმია არ არის მზად და უკრაინასთან ბრძოლა არ სურს.