კულება ბენეტის განცხადებაზე: პუტინი ტყუილების ექსპერტია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე ისრაელის ექს-პრემიერის, ნაფტალი ბენეტის განცხადებას გამოეხმაურა. ბენეტის თქმით, კრემლში შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა მას პირობა მისცა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა და მასთან საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ კაბინეტში ვიდეო მიმართვა ჩაწერა.

"წარსულში პუტინმა პირობა დადო, რომ არ დაიპყრობდა ყირიმს, არ დაარღვევდა მინსკის შეთანხმებებს, არ შეიჭრებოდა უკრაინაში, მაგრამ მან ეს ყველაფერი გააკეთა. არ მოტყუვდეთ: ის ტყუილების ექსპერტია. ყოველ ჯერზე, როდესაც პირობას დებდა, რომ არაფერს გააკეთებდა, ეს მისი გეგმის ნაწილი იყო." - დაწერა დიპლომატმა Twitter-ზე.

უკრაინის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ზელენსკის მკვლელობის 12 მცდელობა აღიკვეთა.

კონტექსტი

ნაფტალი ბენეტმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ კრემლში შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა მას პირობა მისცა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა.

ბენეტის მოსკოვში 2022 წლის 5 მარტს ჩაფრინდა - "ზელენსკის მოშორება ეს ყველაზე რთულია, ეს ლიდერის სიცოცხლეა. მე ვიცოდი, რომ ზელენსკის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და რომ ის ბუნკერში იყო, რუსებმა არ იცოდნენ ბუნკერის მდებაროება. რაღაც მომენტში მე ვუთხარი პუტინს: ამასთან დაკავშირებით რა ხდება, შენ აპირებ ზელენსკის მოკვლას? მან მიპასუხა, რომ ზელენსკის არ მოკლავდა",- ამბობს ბენეტი.

ისრაელი ყოფილი პრემიერის თქმით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ მან დაურეკა ვოლოდიმირ ზელენსკის და უთხრა, რომ პუტინი მის მოკვლას არ აპირებდა. ბენეტი ამბობს, რომ მასთან საუბრის შემდეგ ზელენსკიმ საკუთარ კაბინეტში ვიდეო მიმართვა ჩაწერა.

ზელენსკიმ ნამდვილად ჩაწერა მსგავსი შინაარსის ვიდეო, ოღონდ არა 5 მარტს, როგორც ამას ბენეტი ამბობს, არამედ 7 მარტს.

მსგავსი სიახლეები