კულება ბერლინს მოუწოდებს არ დაბლოკოს უკრაინის სწრაფი გაწევრებიანება ნატოში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ოფიციალურ ბერლინს არ დაბლოკოს ნატოში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცესი.
ამის შესახებ დმიტრო კულებამ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"მოვუწოდებ გერმანიის მთავრობას არ გაიმეოროს მერკელის მიერ 2008 წელს დაშვებული შეცდომა",- თქვა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ალიანსის წევრი სახელმწიფოების კრიტიკული უმრავლესობა მხარს უჭერს ალიანსში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას.
კულებას ინტერვიუს წინ უძღოდა გერმანულ პრესაში გავრცელებული გერმანიის ფედერალური მთავრობის შიდა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვილნიუსის სამიტზე შოლცის მთავრობა არ დაეთანხმება ფორმულირებას, რომელიც ალიანსში უკრაინის სწრაფი გაწევრების შთაბეჭდილებას დატოვებს.
ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები შეთანხმდნენ უკრაინისთვის ე.წ. MAP-ის წესის გაუქმებაზე, რამაც გაწევრიანების პროცესი უნდა დააჩქაროს.
უფრო მეტი ვილნიუსის სამიტის მოლოდინების შესახებ წაიკითხეთ აქ.