კულება: ნატო კიევისთვის ახალი შეიარაღების გადაცემას განიხილავს
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები, უკრაინისთვის ახალი შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"საღამოს მივემგზავრები საერთაშორისო მივლინებაში: ჯერ ბუქარესტში ნატოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, შემდეგ კი ლოძში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე", - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, ნატოს შეხვედრა თავდაცვისა და ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, ასევე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს.