კულება: რუსული დიპლომატია იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც რუსეთის ჯარი
რუსული დიპლომატია იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც რუსეთის შეიარაღებული ძალები. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 18 მარტს, Украинская правда-სთან ინტერვიუში სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"ამ შეხვედრისგან დიდი მოლოდინი არ გვქონდა. ერთადერთი, რაც მე თურქ კოლეგებს წინასწარ ვთხოვე, იყო პროტოკოლის ისე ორგანიზება, რომ არ ყოფილიყო ხელის ჩამორთმევა, მოკითხვა და ასე შემდეგ. თურქები ყოჩაღები არიან და პროტოკოლით ყველაფერი კარგად დააორგანიზეს. ჯერ რუსული დელეგაცია შემოვიდა, მერე მე [თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან] მევლუთთან [ჩავუშოღლუსთან] ერთად შევედი. საუბარზე ჯერ ბევრს ვერ გეტყვით, ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა ომი და უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ჩაიარა ამ საუბარმა", - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, ჩავუშოღლუ შეხვედრების გაგრძელების პოტენციალს ხედავს.
"მე ვთქვი, რომ მზად ვარ ლავროვს შევხვდე. მთავარია, ის ამ შეხვედრებზე გამოსავლის მოსაძებნად მოვიდეს და არა მხოლოდ რუსული პროპაგანდის კლასიკური ნარატივების გასამეორებლად. მაგრამ ზოგადად, რომ გესმოდეთ, რუსული დიპლომატია დაახლოებით იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც რუსეთის შეიარაღებული ძალები". - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.