კულება: უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას არ გეგმავს

 

უკრაინა არ აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 23 თებერვალს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.

"უკრაინამ ისტორიული წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. 1994 წელს ჩვენ დავეთანხმეთ ბირთვული განიარაღებას და უარი ვთქვით მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვულ არსენალზე.

ჩვენ არ ვაპირებთ ატომური იარაღის დაბრუნებას. ამის საპასუხოდ, დღეს ჩვენ ველით, რომ მსოფლიო პროპორციულად, ისტორიული საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, გახდება ჩვენი უსაფრთხოების გარანტი." - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ამ მიზნით უკრაინას ბუდაპეშტის მემორანდუმზე კონსულტაციების დაწყება სურს.

 


რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინაში აფეთქებები გაისმა კიევში, მარიუპოლში, ხარკოვში, ნიკოლაევში, ხერსონესში. 

ვრცელდება უკრაინული პოზიციების "გრადების" ზალპური ცეცხლით დაბომბვის ვიდეოკადრები.

დროებით დაიხურა ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიის აეროპორტები. 

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგეროებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ. 

მსგავსი სიახლეები