კულებამ განმარტა, რატომაა შეუძლებელი პუტინთან მოლაპარაკება: არ ვენდობით
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის ნდობა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ შეიძლება.
ამის შესახებ მან NHK-თან ინტერვიუში განაცხადა.
კულებას თქმით, პუტინის ნდობა არ შეიძლება, რადგან სიტყვას მისცემის შემთხვევაში, არ არსებობს გარანტია, რომ არ დაარღვევს.
"ის არ არის ადამიანი, ვისთანაც რაიმე სერიოზული მოლაპარაკება შეიძლება. თუ ფიქრობთ, რომ წარმატებით აწარმოეთ მასთან მოლაპარაკება, მაშინ მისი თავდასხმის საფრთხე გემუქრებათ," - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, რაც უფრო წარმატებული იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო მზად იქნება რუსეთი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უახლოეს მომავალში რუსეთთან მოლაპარაკების ფანჯარას ვერ ხედავს.
"თუ გვინდა ერად არსებობა, თუ გვინდა გადარჩენა, უნდა გავიმარჯვოთ, რა ფასიც არ უნდა გადავიხადოთ." - დარწმუნებულია კულება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე იმედგაცრუება გამოხატა დასავლეთის ქვეყნების ბოლოდროინდელი კრიტიკის გამო, რომ უკრაინის კონტრშეტევა მოლოდინს არ ამართლებს.
მან აღნიშნა, რომ იმ ხალხმა, ვინც სავარძელში ზის და შეტევის ტემპზე კომენტარს აკეთებს, არ უნდა უთხრას უკრაინელ ჯარისკაცებს, რომ ისინი ძალიან ნელა მოქმედებენ, რადგან ისინი ამ ბრძოლაში იღუპებიან და სრულ პატივისცემას იმსახურებენ.