კვლევა: ამერიკელთა უმრავლესობა ეწინააღმდეგა ისრაელის ოპერაციას ღაზაში

ამერიკელთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება ისრაელის საომარ მოქმედებებს ღაზის სექტორში. 

ამის შესახებ Gallup-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი. 

გამოკითხულთა უმრავლესობა (55%) ეწინააღმდეგება ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში, რაც ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 10%-ით მეტია. 

ისრაელის მოქმედებებს მხარს უჭერს გამოკითხულთა 36%, მაჩვენებელი იმავე ნოემბრის კვლევასთან შედარებით 14%-ით არის შემცირებული. 

ისრაელის მხარდაჭერის მაჩვენებელი შემცირდა რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებში, თუმცა კვლავ საკმაოდ მაღალ დონეზეა (64%). ნოემბერში მაჩვებელი 71%-ს შეადგენდა. 

უფრო მკვეთრია კლება დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებში და ისრაელის მოქმედებებს მხარს მხოლოდ 18% უჭერს, ნოემბერში მაჩვენებელი 36%-ს შეადგენდა. 

თითქმის განახევრებულია (29%) ისრაელის მხარდაჭერა იმ მოქალაქეებშიც, რომლებიც თავს დამოუკიდებელ ამომრჩევლად მიიჩნევენ და თავს არცერთ პარტიას არ მიაკუთვნებენ. 

კონტექსტი 

კვლევა ბოლო თვეებში ამერიკულ საზოგადოებაში შეცვლილი განწყობების გამოძახილია. თებერვალში ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, ამერიკელთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ჰამასის თავდასხმაზე საპასუხო მოქმედებებში ისრაელმა ძალას გადააჭარბა. 

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, უფრო მეტი ამერიკელი უჭერს მხარს ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, ვიდრე ისრაელისთვის შეიარაღების გადაცემას. 

გაწელილი საომარი მოქმედებების, მაღალი სამოქალაქო მსხვერპლის და სექტორში განვითარებული ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე, ურთიერთობები გაფუჭდა ბიბი ნეთანიაჰუსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შორის. 

25 მარტს გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია რომელიც მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა. ხმის მიცემისგან პირველად შეიკავა თავი აშშ-ს წარმომადგენელმა, რომელმაც რეზოლუციის დასაბლოკად ვეტოც არ გამოიყენა. 

საპასუხოდ ნეთანიაჰუმ გააუქმა ისრაელური დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტი ვაშინგტონში. 

მსგავსი სიახლეები