კვლევა: ამერიკელების 63 % ბაიდენის მეორე ვადით პრეზიდენტობის წინააღმდეგია

აშშ-ში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 63 პროცენტს არ სურს, რომ ჯო ბაიდენმა კენჭი პრეზიდენტად განმეორებით იყაროს.

ამასთან, რესპონდენტების 55 პროცენტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს არც ტრამპის კანდიდატურას დაუჭერდა.

გამოკითხულების 58 პროცენტი ამბობს, რომ უპირატესობას „ახალ, ზომიერ, დამოუკიდებელ“ კანდიდატს მიანიჭებდნენ.

Harvard CAPS-ის და Harris-ის დაკვეთით შესრულებული კვლევა 20-21 აპრილს ჩატარდა და 2 000-მდე ამერიკელი მოიცვა.

„ამერიკას არა უკან, წარსულში დაბრუნება, არამედ წინ წასვლა სურს. არასდროს არ მინახავს დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ ამხელა მხარდაჭერა“, - ამბობს მარკ პენი, კვლევის ხელმძღვანელი.

მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით უარყოფითი შეფასებისა, ტრამპი და ბაიდენი საკუთარ პოლიტიკურ ოჯახებში ფავორიტებად რჩებიან.

ხვალ რომ დემოკრატების საპრეზიდენტო პრაიმერი ტარდებოდეს, 79 წლის ბაიდენს მხარს რესპონდენტების 37 პროცენტი დაუჭერდა.

ანალოგიური მაჩვენებელი 75 წლის ტრამპისთვის 58 პროცენტს შეადგენს.

გასულ კვირას გამოცემა The Hill-მა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

 

მსგავსი სიახლეები