ლატვიაში "Дождь" რუკაზე რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის ჩვენებისთვის დააჯარიმეს

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელევიზია "Дождь" რუკაზე ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში გამოსახვისა და რუსული ჯარების "ჩვენ არმიად" მოხსენიებისთვის 10 000 ევროთი დააჯარიმა.

ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ, ივარს აბოლინსმა 2 დეკემბერს Twitter-ზე დაწერა.

აბოლინსის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ეს "Дождь" მიერ ჩადენილი უკვე მეორე დანაშაულია, სამი მნიშვნელოვანი დარღვევისთვის ელექტრონული მედიის ეროვნულ საბჭოს შეუძლია გააუქმოს მაუწყებლობის ლიცენზია.

საბჭოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ "Дождь"-ის წინააღმდეგ აღძრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე იმ სიუჟეტისთვის, რომელიც ეხება რუსეთის არმიის შესაძლო მხარდაჭერას.

"ტელევიზია "Дождь" ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ლატვიის კანონები", - აღნიშნა აბოლინსმა. მან არ დააკონკრეტა რა იყო ტელევიზიის მიერ ჩადენილი პირველი დარღვევა.

ერთი დღით ადრე, "Дождь"-ის ეთერში, გადაცემა "Здесь и сейчас"-ის წამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა თქვა: "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძელით დავეხმაროთ ბევრ სამხედროს, მათ შორის, მაგალითად, აღჭურვილობით და უბრალოდ ელემენტარული ნივთებით ფრონტზე." მოგვიანებით ტელევიზიის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ განაცხადა, რომ "Дождь" არ იყო, არ არის და არც იქნება დაკავებული რუსული ჯარის ფრონტზე ან მის ფარგლებს გარეთ აღჭურვაში.

2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გადაცემის წამყვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შევწყვიტოთ თანამშრომლობა ალექსეი კოროსტელევთან. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ "Дождь"-ის ხელმძღვანელობა ამას ერთადერთ ჭეშმარიტ და შესაძლებლ გადაწყვეტილებად მიიჩნევს", - თქვა ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ახალი ამბების წამყვანმა ეკატერინე კოტრიკაძემ.

მსგავსი სიახლეები