ლე პენი: ყირიმში "თავისუფალი რეფერენდუმი" ჩატარდა
ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერმა მარინ ლე პენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2014 წელს ყირიმში ე.წ. რეფერენდუმი, რის შემდეგაც რუსეთმა საერთაშორისო სამართლის დარღვევით ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, ლეგალური იყო.
ამის შესახებ BFMTV იუწყება.
მისი თქმით, "ყირიმი ორი საუკუნის განმავლობაში რუსული იყო, ხოლო უკრაინული 60 წელი, რაც დიქტატორის საჩუქარი, უფრო მეტიც, ახირება იყო."
"როგორც რეფერენდუმის აბსოლუტურ დამცველს, მე მჯეროდა, რომ ყირიმის მაცხოვრებლები თავისუფლად გამოხატავდნენ რუსეთთან შეერთების მხარდამჭერ პოზიციას. მე ეს ვთქვი ყირიმზე რეფერენდუმის დროს, ამას ვამბობ დღესაც", - აღნიშნა ლე პენმა.
პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ ის თავად იმყოფებოდა ყირიმში - რაც უკრაინის კანონმდებლობის დარღვევაა, სადაც "მე ვნახე ბევრი ადამიანი და შევძელი დამენახა, რომ ის (ყირიმი - რედ.) მართლაც ბევრად უფრო ღრმად იყო დაკავშირებული რუსეთთან, ვიდრე უკრაინასთან."
"ეროვნული გაერთიანების" ლიდერი თანმიმდევრულად უჭერდა მხარს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის უკანონო ანექსიას, მაგრამ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოულოდნელად თქვა, რომ მოსკოვმა "უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია."