ლე პენი: ზემურის ბანაკში რამდენიმე ნაცისტია

 

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მის ულტრამემარჯვენე კონკურენტს თავს დაესხა და განაცხადა, რომ ერიკ ზემურის მხარდამჭერებში "რამდენიმე ნაცისტია".

Le Figaro-სთან ინტერვიუში ლე პენმა განაცხადა, რომ ზემურის მხარდამჭერები რამდენიმე მარგინალური ჯგუფისგან შედგება.

"ისინი არიან ტრადიციონალისტი კათოლიკეები, პაგანები და რამდენიმე ნაცისტი", - თქვა "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა.

ულტრამემარჯვენე კანდიდატები, მარინ ლე პენი და ერიკ ზემური და მემარჯვენე-ცენტრისტი რესპუბლიკელების კანდიდატი, ვალერი პეკრესი ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ მეორე ტურში გასვლისთვის იბრძვიან.

ზემურის კანდიდატად წარდგენის შემდეგ ლე პენის მხარდაჭერა მკვეთრად შემცირდა, თუმცა ბოლო ორი თვეა ლე პენი სტაბილურად უსწრებს მას 3-4%-ით. 

მარინ ლე პენი ზემურის ფონზე მემარჯვენე ბანაკში ნაკლებად აგრესიულ, უფრო ზომიერ ალტერნატივად ცდილობს პოზიციონირებას.

ლე პენი აცხადებს, რომ ეს მისი ბოლო საპრეზიდენტო კამპანიაა, თუმცა დამარცხების შემთხვევაში პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, პირველ ადგილზე მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია - 24%, ლე პენი - 17%, პეკრესი - 16% და ერიკ ზემური - 14%.

 

 

 

მსგავსი სიახლეები