საფრანგეთში ლე პენის მოსამართლეზე მუქარის გამო 76 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა ჩრდილოეთ საფრანგეთში 76 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სოციალურ ქსელში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის მოსამართლეს დაემუქრა. ამ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

State Of Play: დაკავებულმა მოქალაქემ X-ზე გამოაქვეყნა გილიოტინის ფოტო წარწერით: "აი ამას იმსახურებს ეს ბო*ი." პოსტში ის პარიზის სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტს ბენედიქტ დე პერტუის გულისხმობდა, რომელმაც ლე პენს განაჩენი გამოუტანა.

  • საფრანგეთის პროკურატურის ცნობით, მამაკაცი "მოსამართლის ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ მკვლელობის ან საკუთრებისთვის ზიანის მიყენების მუქარისთვის" და "მოსამართლის ან ნაფიცი მსაჯულის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვით, წერილობით შეურაცხყოფისთვის" დააკავეს.

Big Picture: 31 მარტს, პარიზის სასამართლომ ლე პენი დამნაშვად ცნო ევროკავშირის სახსრების გაფლანგვაში, ევროპარლამენტში თანაშემწეების ფიქტიური დასაქმების საქმეზე. მას 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა და ეს ზომა დაუყოვნებლივ ამოქმედდა "დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე."

  • საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ლე პენი ახლა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე პოპულარული კანდიდატია.
  • ლე პენი ასევე 100 ათასი ევროთი დაჯარიმდა და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა (ორი წელი პირობითი - რედ.). მოსამართლეებმა არ დაადგინეს, რომ სასჯელის ეს ზომები დაუყოვნებლივ ამოქმედდება, ამიტომ ისინი შეიძლება შეიცვალოს სააპელაციო სასამართლოს მიერ.
  • პარიზის სააპელაციო სასამართლო ლე პენის საჩივარს 2026 წლის ზაფხულში განიხილავს. სააპელაციო სასამართლოში გამარჯვების შემთხვევაში, პოლიტიკოსი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას შეძლებს.

Context: ლე პენის განაჩენს ავტორიტარული სახელმწიფოების წარმომადგენლები და ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.

  • რუსეთმა დაგმო "დემოკრატიული ნორმების დარღვევას" პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. "მართლაც, სულ უფრო მეტი ევროპული დედაქალაქი არის დემოკრატიული ნორმების დარღვევის გზაზე," - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
  • "მე ვარ მარინი!" - დაწერა ვიქტორ ორბანმა და მარინ ლე პენს მხარი დაუჭირა.
  • ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ლე პენის განაჩენის უკან "რადიკალი მემარცხენეები" დგანან: "როდესაც რადიკალი მემარცხენეები ვერ იმარჯვებენ დემოკრატიული არჩევნებით, ისინი ბოროტად იყენებენ სამართლებრივ სისტემას ოპონენტების დასაპატიმრებლად. ეს მათი სტანდარტული ტაქტიკაა მთელ მსოფლიოში." 

მსგავსი სიახლეები