ლიეტუვა ტაივანს 20 000 ვაქცინას გადასცემს

ლიეტუვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ტაივანს 20 000 ვაქცინა გადასცეს. 

"ამ დილით ლიეტუვის ხელისუფლებამ დაადასტურა ტაივანისთვის 20 000 ვაქცინის შეწირვა," - დაწერა ტვიტერზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხოდ, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ განაცხადა: “ჩემი გულწრფელი მადლიერება ლიეტუვის მთავრობასა და ხალხს ვაქცინის გაზიარებისთვის.” ასევე მან ლანდსბერგისს “ჭეშმარიტი მეგობარი” უწოდა.

გადაწყვეტილება ლიეტუვის მიერ “17+1” დიპლომატიური პლატფორმის დატოვებას მოჰყვა, რომელითაც, მათი აზრით, ჩინეთი თავისი გავლენის გაზრდას ცდილობს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ბალტიისპირულმა სახელმწიფომ ევროკავშირის სხვა წევრებსაც მოუწოდა იგივე გააკეთონ.

ლიეტუვის მთავრობის ამ გადაწყვეტილებამდე ამერიკამ განაცხადა, რომ ტაივანისთვის ვაქცინის 2.5 მილიონი დოზის მიწოდებას გეგმავს.

წარსულში ლიეტუვის მთავრობამ AstraZeneca-ს ვაქცინები უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს გადასცა.

 

მსგავსი სიახლეები