ნაუსედა: ლიეტუვა უკრაინას 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 200 მილიონი ევროა.
"იანვარში კვლავ გავაგზავნით უკრაინაში საბრძოლო მასალას, გენერატორებს, დეტონაციის სისტემებს, ხოლო თებერვალში – M577-ის ჯავშანტრანსპორტიორებს. ჩვენ მოვამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში. უკრაინისა და ლიეტუვის თავდაცვის მრეწველობას შორის დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები ჩვენი მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია." - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ნაუსედამ თქვა, რომ ლიეტუვის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ცოტა ხნის წინ დამტკიცდა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი.
კონტექსტი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 იანვარს, დაუანონსებელი ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა.
ზელენსკის თქმით, ვილნიუსში ის გეგმავს მოლაპარაკებებს პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა სიმონიტესთან, ასევე სეიმის სპიკერთან ვიქტორია ჩმილიტ-ნილსენთან.
გარდა ამისა, ის შეხვდება პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და უკრაინულ საზოგადოებას.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვილნიუსიდან ტალინსა და რიგაში ჩავა.
ამასთანავე, მედიის ცნობით, ზელენსკი მომავალ კვირას შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს.