ლიეტუვაში უკრაინისთვის Bayraktar-ის შესაძენად 5 მილიონ ევროს აგროვებენ
ლიეტუვაში მიმდინარეობს კამპანია უკრაინელი სამხედროებისთვის Bayraktar TB2 შესაძენად თანხების მოსაზიდად. კამპანია 25 მაისს ფეისბუქზე ჟურნალისტმა ანდრიუს ტაპინასმა წამოიწყო.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მან თანხმობა ლიეტუვისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებისგან მიიღო, სანამ თანხის შეგროვებას დაიწყო. ტაპინასმა სამ კვირაში 5 მილიონი ევროს მოზიდვა გადაწყვიტა. მისივე მედიაკომპანია 62000 ევროს დახარჯვას გეგმავს.
"ლიეტუვის და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებმა მწვანე შუქი აანთეს, მწარმოებელმა თქვა დიახ და ახლა ერთი სიტყვა მაქვს თავში - ბაირაქტარი... ახლა - ალბათ ისტორიაში პირველად - ერთი სახელმწიფოს მოქალაქეებს შეუძლიათ იყიდონ და გადასცენ ასეთი იარაღი სხვა სახელმწიფოს", - წერს ის.
თანხის შეგროვების დაწყებიდან მეორე დღეს, ტაპინასმა განაცხადა, რომ ანგარიშზე უკვე 1.7 მილიონ ევროზე მეტი იყო - "ტემპი არის 1800 ევრო წუთში".
თანხის მობილიზების შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმაც დაადასტურა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო პრემიერ მინისტრ ინგრიდა სიმონიტესთან ერთად იუთუბის პირდაპირ ეთერში დაფინანსების შეგროვებაში.
აქციას შეუერთდა ქვეყნის ექს-პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტეც.
27 მაისის საღამოს მდგომარეობით, ანგარიშზე თანხის ოდენობამ 3 მილიონ ევროს გადააჭარბა, განაცხადა ტაპინასმა.
"ჩვენ ვყიდულობთ არა მარტო ბაირაქტარს უკრაინისთვის, ჩვენ ვყიდულობთ მსოფლიოს ყურადღებას იმაზე, რომ მაშინ, როცა უზარმაზარ სახელმწიფოებს არ სურთ უკრაინის იარაღით დახმარება, ამას ერთი პატარა ერის რიგითი მოქალაქეები არ ეთანხმებიან. ჩვენ ვყიდულობთ საბრძოლო სულისკევეთებას უკრაინელებისთვის, რომლებმაც იციან, რომ ლიეტუველები მზად არიან დაეხმარონ ყველანაირად, თუნდაც მძიმე იარაღით", - წერს ის და აქვეყნებს უკრაინელი სამხედროების ვიდეოს, რომლებიც მადლობას უხდიან ლიეტუველებს და იმედოვნებენ, რომ ისინი შეძლებენ თავიანთი გეგმების მიღწევას.