ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა მაისის შუა რიცხვებში დასრულდება

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის აქტიური ეტაპი მაისში დასრულდება. ეს მან ინტერნეტგამოცემა "GORDON"-ის მთავარ რედაქტორ ალესია ბაცმანთან ინტერვიუში თქვა.

"იცით, ძნელია შეაფასო, რა მოხდება, როცა ომია გაჩაღებული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რესურსი, რომელიც რუსეთის ფედერაციას აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომში იწურება... დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება ომის გაწელვა. მაგალითად, თუ რომელიმე ზოლზე გაჩერდებიან, იქ ლოკალური ბრძოლები გაიმართება, რომელიც შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ომის აქტიური ფაზა მაისის შუა რიცხვებში დასრულდება. რესურსების გამო", - განაცხადა ანუშაუსკასმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდის რიტორიკის მიუხედავად, რუსეთს შეზღუდული რესურსი აქვთ აქტიური სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად.

"პასიური [საბრძოლო მოქმედებები] შეიძლება ალბათ თვეები გაგრძელდეს... მაგრამ ასეთი აქტიური ქმედებების კულმინაცია, ვფიქრობ, აპრილში და მაისის შუა რიცხვებამდე იქნება", - განაცხადა მინისტრმა.

მან განმარტა, რომ აქტიურ საომარ მოქმედებებში გულისხმობს ბრძოლას ჯავშანტექნიკის მონაწილეობით და შეტევითი ოპერაციების ჩატარებას.

"ეს არის ის, რაც ჩვენ განსაკუთრებით ომის პირველ ორ კვირაში ვნახეთ. მაგრამ დანაკარგების, მორალის, სანქციების გამო რუსეთის რესურსები იმაზე ადრე ამოიწურება, ვიდრე ჩვენ გვგონია", - განაცხადა ანუშაუსკასმა.

მან თქვა, რომ მაისის შემდეგ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ "უფრო პასიური გზით".

მსგავსი სიახლეები