ლუკაშენკა: ბელორუსმა უკვე მიიღო რუსეთის მიერ დაპირებული ბირთვული იარაღი
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის განთავსებაც ბელორუსში იგეგმებოდა, უკვე ქვეყანაშია.
ამის შესახებ მან 25 დეკემბერს, პეტერბურგში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე განაცხადა.
"დიდი ხანია. მე უკვე ვთქვი, როდესაც მიწოდება დასრულდა. ჯერ კიდევ სექტემბერში, ჩემი აზრით, ან ოქტომბერში. ოქტომბრის დასაწყისში. ყველაფერი თავის ადგილზეა კარგ მდგომარეობაში," - უპასუხა მან შეკითხვას მიიღო თუ არა ბელორუსმა რუსული ბირთვული იარაღი.
კითხვაზე, როდის არის შემდეგი სამხედრო წვრთნები, მან აღნიშნა, რომ სამხედრო მომზადება ყოველდღიურად მიმდინარეობს.
"ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ. ყოფილი ვაგნერელებიც კი, რომლებიც ჩვენთან რჩებიან, დღეს ჩვენს ქვედანაყოფებში მუშაობენ და თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ," - თქვა ლუკაშენკამ.
კონტექსტი
2023 წლის 25 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლუკაშენკამ მას ქვეყანაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება სთხოვა.
ივნისსა და ივლისში პუტინმა და ლუკაშენკომ რუსული ბირთვული იარაღის ბელორუსში გადატანის შესახებ განაცხადეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 20 ივნისს აღნიშნა, რომ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია. თუმცა, 13 ივლისს ბაიდენმა განმარტა, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების "ვერავითარ რეალურ პერსპექტივას" ვერ ხედავს.