ლუკაშენკა: რუსი სამხედროების ნაწილი წვრთნების შემდეგაც ბელარუსში დარჩება

 

ბელარუსის თვითაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე მიმდინარე რუსულ-ბელარუსულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს პირადად დაესწრო. 

ლუკაშენკამ ადგილზე პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. მისი თქმით, ბელარუსი ყოველთვის მხარს დაუჭერს რუსეთს. ამასთანავე, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ხვალ პუტინთან ერთად ერთობლივი სამხედრო დანაყოფების გეგმებს განიხილავენ.

ბელარუსის დიქტატორმა ისაუბრა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების შესაძლო აღიარებაზეც. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად მიიღებენ. 

ლუკაშენკამ აღნიშნა ისიც, რომ ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემდეგ ბელარუსში რუსული შეიარაღების ნაწილი დარჩება. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მათი თხოვნით რუსეთი ბელარუსში სარაკეტო სისტემის ისკანდერების სამხედრო ცენტრს გახსნის. 

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები 10 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს უნდა დასრულდეს, თუმცა აქამდე ცნობილი იყო, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული სამხედრო ნაწილები ბელარუსს სრულად დატოვებდნენ.

ამის შესახებ განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ რამდენიმე დღის წინ. მინისტრი ამბობდა, რომ სწავლების დასრულების შემდეგ ბელარუსში არც ერთი რუსი სამხედრო არ დარჩებოდა. 

მსგავსი სიახლეები