მაისურზე წარწერა "СССР"-სთვის ესტონეთში მამაკაცი 444 ევროთი დააჯარიმეს
ესტონეთის ქალაქ ნარვას მკვიდრი,რომელიც 2022 წლის 9 მაისს, ტანკის ძეგლთან მაისურზე წარწერა "СССР"-ით მივიდა -444 ევროთი დააჯარიმეს. ამის შესახებ ERR წერს.
იდას (რეგიონი, სადაც ქალაქი ნარვა მდებარეობს - რედ.) პრეფექტურამ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება 24 ნოემბერს გამოსცა, მაგრამ ის ძალაში მხოლოდ ამ კვირაში შევიდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ, მამაკაცის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
პოლიციის თქმით, 1961 წელს დაბადებულმა კაცმა ჩაიდინა დანაშაული, როდესაც 9 მაისს ნარვასა და ნარვა-ეესუუს შორის დამონტაჟებულ ძეგლთან, წითელი მაისურით მივიდა, რომელზეც იყო წარწერა "СССР" და საბჭოთა კავშირის გერბი.
საბჭოთა T-34-ის ძეგლი, 9 მაისი ნარვაში
"9 მაისს ასეთი მაისურის გამოჩენა არის პროვოკაციული აქტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო დანაშაულის ჩადენის გამართლებასთან და არავითარ კავშირში არ არის დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემასთან", - განაცხადა ჯერ პოლიციამ და შემდეგ ვირუს საოლქო სასამართლომ.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სასამართლო პროცესზე მამაკაცმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც 4 აპრილს შევიდა ძალაში, ნარვაში მცხოვრები ჯარიმის გადახდას ექვს თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 74 ევროს გადახდით შეძლებს.