მაკკონელი რუსეთისა და ჩინეთის მზარდი საფრთხის ფონზე, თავდაცვის ხარჯების გაზრდას ითხოვს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. ამის შესახებ 28 თებერვალს აშშ-ს სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონმა მომავალი წლიდან უნდა გაზარდოს სამხედრო ბიუჯეტი, რათა დაუპირისპირდეს რუსეთისა და ჩინეთის "მზარდ საფრთხეებ". მაკკონელმა ხელისუფლებას მოუწოდა, "მეტი ყურადღება მიაქციონ თავდაცვას."
Reuters-ის ცნობით, სენატორის განცხადებამ შეიძლება უთანხმოება წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების იმ ნაწილთან გამოიწვიოს, რომელთაც 2024 წელს თავდაცვის ხარჯების ამ დონეზე შენარჩუნება სურთ. ზოგიერთი რესპუბლიკელი აპირებს, ეროვნული ვალის გაზრდის გამო, ეს თემა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გასაკრიტიკებლად გამოიყენოს.
ამის მიუხედავად, მაკკონელი თვლის, რომ აშშ-ს თავდაცვის ხარჯები უნდა შეესაბამებოდეს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე დგას.
"ჩვენი მოკავშირეები მთელს მსოფლიოში ახლა სერიოზულად არიან ორიენტირებულნი იმაზე, რომ თავდაცვის ხარჯები საჭიროებებზე იყოს მორგებული და ცხადია, რომ საჭიროება, ნებისმიერი შეფასებით, იზრდება." - აღნიშნა მაკკონელმა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტს ხელი 23 დეკემბერს მოაწერა. მისი მოცულობა რეკორდული იყო და 858 მილიარდი დოლარი შეადგინა.
პენტაგონის ცნობით, 2023 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ 30.4 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის დასახმარებლად. კერძოდ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომენტიდან 2023 წლის 20 თებერვლამდე, ვაშინგტონმა უკრაინას 29.8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუგზავნა, 24 თებერვალს კი ამერიკამ კიდევ 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა.