მაკრონი: ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების დრო არ არის
საფრანგეთის პრეზიდენტმა მოკავშირეებს უკრაინის სამხედრო დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა.
ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
მაკრონის თქმით, მხოლოდ უკრაინის წარმატებული კონტრიერიშის შემდეგ იქნება შესაძლებელი "სანდო მოლაპარაკებების წარმოება, მოლაპარაკებების, რომლის პირობებსაც უკრაინა და უკრაინელი ხალხი განსაზღვრავს."
მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, გეოგრაფიის გათვალისწინებით რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება გარკვეულ ეტაპზე აუცილებელი იქნება - "ჩვენ ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ხალხისთვის, ამ რეჟიმისთვის მათი ოცნებები არ შეიცვლება. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ახალი ნორმალურობა, რომელიც მისაღები იქნება მათთვის და ჩვენთვის, ეს საკმაოდ რთული ამოცანა იქნება, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია."
საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის რეჟიმის ცვლილებების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი სცენარის არ სჯერა, მით უფრო იმ ფონზე, რომ ამგვარი მცდელობები ახლო წარსულში წარუმატებლად დასრულდა.