მაკრონი: ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების ახალი ჩარჩო უნდა შეიქმნას

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირში კოლექტიური უსაფრთხოების ახალი ჩარჩოს შექმნაზე უნდა დაფიქრდნენ.

19 იანვარს ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპა „მშვიდობის და წონასწორობის“ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს, მათ შორის, რუსეთთან „გულწრფელი და მომთხოვნი“ დიალოგით.

უსაფრთხოების ახალი წესრიგის საფუძვლად საფრანგეთის პირველმა პირმა გავლენის სფეროების არსებობის უარყოფა და ქვეყნების სუვერენული უფლების - გახდნენ ამა თუ იმ ალიანსის წევრი - პატივისცემა დაასახელა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ე. წ. „სტრატეგიული ავტონომიის“ მომხრედ მიიჩნევა, რომელიც ევროკავშირისთვის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროში მეტი როლის მინიჭებას გულისხმობს - უკვე არსებული ალიანსების, როგორიცაა ნატო, საპირწონედ.

მაკრონის განცხადებას დასავლეთში არაერთგვაროვანი რეაქციით შეხვდნენ. უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ესკალაციის ფონზე აშშ და ევროპის ქვეყნები კრემლს კოორდინირებული სანქციებით ემუქრებიან.

გამოცემა Financial Times-ს ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატმა განუცხადა, რომ მაკრონის შეთავაზება - ბრიუსელმა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს - სხვა წევრ ქვეყნებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

გასულ კვირას რუსეთს და დასავლეთს შორის გამართულ დიპლომატიური შეხვედრების წყებაში ევროკავშირი წარმოდგენილი არ იყო. მიუხედავად ამისა, რუსეთთან ნატოს და ეუთოს ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები