მაკრონი: მე რუსეთთან დიალოგში ამ ომის დაწყებიდან ვარ და გავაგრძელებ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 20 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს მშვიდობის მისაღწევად. 

"ჩვენ დაუღალავად ვიბრძვით მშვიდობისთვის. ამიტომ ჩვენი პოზიცია ნათელია და სწორედ ამ პოზიციის დაცვით, ომის დასაწყისიდანვე, გასული თვეების განმავლობაში ვაწარმოებ დიალოგს რუსეთთან და გავაგრძელებ ამ დიალოგის წარმართვას", - განაცხადა მან.

მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ უკრაინა "ამას სუვერენულად ისურვებს და თუ რუსეთი ამას კეთილსინდისიერად დათანხმდება".

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მოლაპარაკებები შედეგამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიყვანს, თუ უკრაინის სუვერენიტეტს პატივს სცემენ, ამ ქვეყნის ტერიტორია გათავისუფლდება და ამ ქვეყნის უსაფრთხოება იქნება დაცული", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა. "რუსეთს ახლა უნდა ესმოდეს, რომ მას არ შეუძლია სამხედრო გზით მიაღწიოს თავის მიზნებს".

მსგავსი სიახლეები