მაკრონი: თუ რუსეთი უკრაინაზე ატომურ დარტყმას განახორციელებს, მსგავსად არ ვუპასუხებთ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაზე რუსეთის ატომური დარტყმის შემთხვევაში გამორიცხა ბირთვული პასუხის შესაძლებლობა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება "რუსეთის ისტორიული პასუხისმგებლობა," როგორც ქვეყნის, რომელსაც აქვს ასეთი იარაღი და "პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული", - ციტირებს Huffpost მის სიტყვებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთის მთავრობას აქვს "ერის ფუნდამენტურ ინტერესებზე დაფუძნებული" დოქტრინა. რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ატომური ბომბის გამოყენებაზე დასმულ კითხვაზე, მაკრონმა თქვა, რომ ეს არ გამოიწვევს "საფრანგეთის ბირთვულ პასუხს" და დასძინა, რომ ეს "არ არის მისი დოქტრინა".
ამასთან, მაკრონის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია რუსეთსა და უკრაინას შორის. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა "დაასრულოს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან".