სი ძინფინგმა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები დაგმო

აუცილებელია "რაც შეიძლება მალე განახლდეს მოლაპარაკებები უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად." ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 6 აპრილს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ვიცი, რომ შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთი გონს მოიყვანოთ და ყველა მონაწილე (კონფლიქტის. - რედ.) მოლაპარაკების მაგიდასთან დასვათ", - თქვა მაკრონმა.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება "არ შეიძლება." მან ასევე დაგმო უკრაინაში "მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმები."

"უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ საფრანგეთთან გონივრული და კონტროლირებადი თანამშრომლობისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაციის გაუარესება", - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

თავის განცხადებაში სი ძინფინგმა მეტწილად გაიმეორა ჩინეთის "სამშვიდობო გეგმის" პუნქტები. ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ "ყველა მხარის ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესი" უნდა იყოს გათვალისწინებული. მან ასევე "დაბალანსებული ევროპული უსაფრთხოების სისტემის" შექმნა მოითხოვა.

ელისეის სასახლის წარმომადგენლის თქმით, 6 აპრილს, პოლიტიკოსების შეხვედრა "გულწრფელი და კონსტრუქციული" იყო.

მაკრონისა და სი ძინფინგის შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, ამჯერად სამმხრივ ფორმატში. მათ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეუერთდება.

მაკრონი ჩინეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.

მსგავსი სიახლეები