მალიში აჯანყებულმა ტუარეგებმა ვაგნერელების დანაყოფი გაანადგურეს
მალიში აჯანყებულმა ტუარეგებმა მალის ცენტრალური მთავრობის საჯარისო დანაყოფებსა და ვაგნერელების დაჯგუფებაზე ჩასაფრება მოაწყო.
რუსული ტელეგრამ წყაროების ცნობით, დაღუპულია 50-მდე ვაგნერელი, მათ შორისაა ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეგრამ არხის, Grey Zone-ის ავტორი, ნიკიტა ფედიანინი. ამავე წყაროების ცნობით, ტუარეგებმა ჩამოაგდეს ვაგნერის კუთვნილი Ми24-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენიც, განადგურებულია ვაგნერელების სამხედრო ტექნიკაც.
ვრცელდება ცნობები ტყვედ აყვანილი ვაგნერელების შესახებაც, თუმცა დადასტურებით რამის თქმა ამ დრომდე შეუძლებელია.
Z-ბლოგერების თქმით, ვაგნერელები პერიოდულად, ცენტრალური ხელისუფლების სამხედრო დანაყოფებთან ერთად, აჯანყებული ტუარეგების წინააღმდეგ შეტევებს აწარმოებდნენ. როგორც წესი, შეტევის დაწყების შემდეგ ტუარეგები მეზობელი ალჟირის ტერიტორიაზე გადადიოდნენ და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ბრუნდებოდნენ.
ვაგნერელთა კოლონის ლიკვიდაციის ერთ-ერთი მიზეზად ქარიშხალი სახელდება, რომლის გამოც ავიაციამ ეფექტურად ვერ იმუშავა.
კონტექსტი
ტუარეგები საჰარის უდაბნოში მცხოვრები მეომარი ტომია, რომელიც უკვე მრავალი ათწლეულია დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მიზნით თითქმის განუწყვეტლივ სამხედრო კონფლიქტშია ირგვლივ მდებარე სახელმწიფოებთან.
გასული 10 წლის განმავლობაში, ტუარეგების რიგებში რადიკალი ისლამისტებიც გამოჩნდნენ - ვაგნერელების ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა ისლამურ მაღრიბში მოქმედმა ალ-კაიდას განშტოებამ აიღო.
2012 წელს ტუარეგებმა მალის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყოს, მოგვიანებით დაპირისპირება ზავით დასრულდა, თუმცა 2022 წლიდან ტუარეგებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა განაახლეს.
რაც შეეხება ვაგნერს, დაჯგუფება ქვეყანაში 2011 წლიდან მოქმედებს და ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია.