მარიუპოლიდან რუსეთში სურვილის საწინააღმდეგოდ 20 000 ადამიანი გაიყვანეს
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქის ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.
"რუსული ჯარები აგრძელებენ ხალხის ცინიკურად დეპორტაციას საკუთარ ტერიტორიაზე. უკვე ცნობილია მარიუპოლის 20 ათასზე მეტი მაცხოვრებლის შესახებ, რომლებიც მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს რუსეთში. უკრაინის მოქალაქეებს ართმევენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და აგზავნიან ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში. ამის შემდეგ ისინი გადამისამართდებიან რუსეთის შორეულ ქალაქებში", - ნათქვამია განცხადებაში.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ "განაწილების პრინციპი და ადამიანების გაყვანის მიზეზები სრულიად უცნობია".
საკრებულოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქის N1 საავადმყოფოდან 600-მდე ადამიანი წაიყვანეს, ხოლო N2 სამშობიაროდან - 70-ზე მეტი. საუბარია სამედიცინო დაწესებულებების პერსონალსა და პაციენტებზე.