მარიუპოლის მერი: რუსებს ცხედრები ნაგავსაყრელებზე სახლების ნანგრევებთან ერთად გადააქვთ

მარიუპოლში ოკუპანტები განურჩევლად ანგრევენ დაბომბილ სახლებს და დაღუპულთა ცხედრები ბეტონთან ერთად მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელებზე გადააქვთ, განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.

მისი თქმით, ნანგრევები და ცხედრები სატვირთო მანქანებით პრიმორსკის ოლქის ნაგავსაყრელზე მიაქვთ, რომელიც ექსპლუატაციიდან 2008 წელს გამოვიდა.

ბოიჩენკომ განაცხადა, თავდაპირველად დამპყრობლებმა ქალაქის მცხოვრებლები ჩაერთეს ნანგრევების ამოღებაში, მაგრამ დაღუპულთა რეალური რაოდენობის დანახვისას ადგილობრივი მოსახლეობა პროცესიდან ჩამოაშორეს და ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" "მაშველებმა" განაგრძეს მუშაობა.

"ახლა ცხედრების ამოღებას არ ცდილობენ, უბრალოდ სახლებს ანგრევენ და მარიუპოლის დაღუპულ მაცხოვრებლებთან ერთად ნანგრევები გააქვთ. თითქმის ყველა დანგრეული შენობის ქვეშ 50-დან 100-მდე დაღუპულია, მარიუპოლში კი 1300 მრავალსართულიანი შენობა განადგურდა. ამიტომ ქალაქში დაღუპულთა რეალური რიცხვი, სამწუხაროდ, შეიძლება ბევრად მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენ გვეგონა," - წერს ბოიჩენკო.

ჟურნალისტმა და კინორეჟისორმა ალექსანდრა დალსბეკმა, რომელიც ფრანგულ ტელევიზიასთან და საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობს, ტვიტერზე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მანქანიდან არის გადაღებული. ოპერატორი თითქმის ორი წუთის განმავლობაში მოძრაობს დიდი სასაფლაოს ირგვლივ, იდენტური ხის ჯვრებითა და ნიშნებით.

"გასულ კვირას მარიუპოლის ერთ-ერთი სასაფლაო მოვინახულეთ. იქ სათითაოდ ვნახეთ ათასობით საფლავი. სასაფლაოს ამ მხარეს 3 ათასზე მეტი საფლავი იყო", - წერს ჟურნალისტი.

მსგავსი სიახლეები