მედვედჩუკი: დროა უკრაინის გადარჩენის ახალი მოძრაობა შევქმნათ
უკრაინელი კოლაბორაციონისტი ვიქტორ მედვედჩუკი თითქმის ერთწლიანი დუმილის შემდეგ პროგრამული სტატიით გამოჩნდა. მისი თქმით, "საჭიროა ახალი მოძრაობის დაწყება უკრაინის გადასარჩენას".
მედვედჩუკის სტატია პროპაგანდისტულ Известия-ში გამოქვეყნდა.
კოლაბორაციონისტის თქმით, უკრაინელები, რომლებიც წინააღმდეგნი არიან ქვეყანა "გეოპოლიტიკური გარჩევების" არენად იქცეს უნდა გაერთიანდნენ. მედვედჩუკი ირწმუნება, რომ თანამედროვე უკრაინა ანტი-დემოკრატიული სახელმწიფოა სადაც არ ითვალისწინებენ განსხვავებულ მოსაზრებებს.
"აუცილებელია ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა, რომელშიც გაერთიანდებიან ისინი, ვინც არ დანებდნენ, ისინი, ვინც არ თქვა უარი თავიანთ შეხედულებებზე ციხისა და სიკვდილის რისკის მიუხედავად",- წერს მედვედჩუკი.
მედვედჩუკის თქმით, ცივ ომში გამარჯვების შემდეგ დასავლეთი სოციალისტური ბანაკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას თავის ნადავლად მიიჩნევდა და ამ ტერიტორიებიდან რუსული გავლენის განდევნას ცდილობდა.
მედვედჩუკი პრაქტიკულად სიტყვა-სიტყვით იმეორებს ვლადიმირ პუტინისა და რუსი პროპაგანდისტების გამოსვლებს - მისი თქმით, "ანტი-რუსულმა განწყობებმა უკრაინას მხოლოდ სიღარიბე და უბედურება მოუტანა."
კონტექსტი
ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია, წლების განმავლობაში ის უკრაინაში პუტინის არაფორმალურ წარმომადგენლად მიიჩნეოდა. მედვედჩუკის გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის შემდეგ.
ომის დაწყებამდე მედვედჩუკი ქვეყნის ყველაზე მსხვილ პრო-რუსულ პარტიას აკონტროლებდა და რადას დეპუტატის მანდატითაც სარგებლობდა. რუსეთის შეჭრის მომენტში მედვედჩუკს სხვა საქმეზე შინა პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ის გაიქცა.
უკვე აპრილში მედვედჩუკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა და ხოლო ოქტომბერში თურქეთის შუამავლობით შემდგარი შეთანხმების ფარგლებში მედვედჩუკი ბატალიონ აზოვის 4 მეთაურში გაიცვალა.