მელონი: იტალია არ იქნება დასავლეთის სუსტი რგოლი
იტალიის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერის თქმით, იტალია გააგრძელებს ნატოს მხარდამჭერ საგარეო პოლიტიკას.
ამის შესახებ ჯორჯია მელონიმ 19 ოქტომბერს კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბრისას განაცხადა. მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ პოლიტიკურ პარტიებს შორის დღეს დაიწყება.
"ჩვენი მთავრობის პირობებში იტალია არასდროს იქნება დასავლეთის სუსტი რგოლი. მინდა ხაზი გავუსვა ერთ საკითხს - მე ვუხელმძღვანელებ მთავრობას, რომელიც გაატარებს მკაფიო და არაორაზროვან საგარეო პოლიტიკას",- თქვა მელონიმ.
სავარაუდოა, რომ იტალიის მომდევნო პრემიერი სწორედ ჯორჯია მელონი გახდება. მელონის თქმით, მის კოალიციაში ვერ შევლენ პარტიები, რომლებიც ასეთ საგარეო პოლიტიკას უპირისპირდებიან.
მელონის კომენტარი, ერთ-ერთი საარჩევნო პარტნიორის, კერძოდ კი სილვიო ბერლუსკონის მიერ გავრცელებულ კომენტარს მოჰყვა - ბერლუსკონიმ უკრაინაში ომის დაწყება ვოლოდიმირ ზელენსკის დააბრალა და თანაპარტიელებთან საუბარში განაცხადა, რომ კვლავ მეგობრული ურთიერთობები აქვს ვლადიმირ პუტინთნა.
ბერლუსკონის თქმით, დაბადების დღეზე ვლადიმირ პუტინმა რუსული ვოდკა აჩუქა.