მელონის თქმით, "გამანადგურებლების კოალიციაში" იტალიის მონაწილეობა შესაძლებელია
შესაძლოა, იტალიამ უკრაინელი მფრინავები თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებისთვის მოამზადოს, მაგრამ F-16-ების გადაცემაზე საუბარი არ არის, რადგან ქვეყანა მათ არ ფლობს.
ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ იაპონიაში, G7-ის სამიტის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ იტალია F-16-ებს არ ფლობს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა პროექტში მონაწილეობა შეძლოს.
"ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინელი მფრინავების შესაძლო მომზადებაზე, გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ არ მიგვიღია და მოკავშირეებთან ერთად ვაფასებთ", - თქვა მან.
იტალიის საჰაერო ძალები Eurofighter Typhoon-ის გამანადგურებლებს ფლობს.
თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალია განიხილავდა საკუთარი მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას, მაგრამ ამისთვის მზად იყო, თუ ამას სხვა ქვეყნებიც გააკეთებდნენ.
ამ კვირის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ შეიქმნა საერთაშორისო კოალიცია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი მფრინავების მომზადებას მეოთხე თაობის გამანადგურებლებზე, მათ შორის F-16-ზე.
კოალიციაში უკვე შედის დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, შეერთებული შტატები და პორტუგალია.
თეთრმა სახლმა ასევე დაადასტურა, რომ უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რა რაოდენობით გამანადგურებლებს მიიღებს უკრაინა.