მკვლელობის მცდელობის შემდეგ ფიცოს ოპერაცია ჩაუტარდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერ ტომას ტარაბას განცხადებით, მკვლელობის მცდელობის შემდეგ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ამის შესახებ BBC წერს.

ტარაბას თქმით, მას სჯერა, რომ ფიცო "გადარჩება" და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ძალიან შოკში ვიყავი... საბედნიეროდ, რამდენადაც ვიცი, ოპერაციამ კარგად ჩაიარა - და ვფიქრობ, საბოლოოდ ის გადარჩება... მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. ის მძიმედ დაიჭრა - ერთმა ტყვიამ კუჭში გაიარა, მეორე კი სახსარში მოხვდა - სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, შემდეგ კი ოპერაციაზე." - აღნიშნა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა.

კონტექსტი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ესროლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილველების თქმით, პრემიერი მოქალაქეს მიუახლოვდა, რომელიც მას ესალმებოდა და სწორედ ამ დროს რამდენიმეჯერ გაისროლეს, რის შემდეგაც პრემიერი მიწაზე დაეცა.

მედია ირწმუნება, რომ მისი მოკვლა 71 წლის იურაჯ ცინტულამ სცადა, რომელიც შესაძლოა პრორუსულ გასამხედროებულ დაჯგუფება Slovenski Branci-სთან იყოს დაკავშირებული.

Slovenskí Branci არის არარეგისტრირებული გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც სლოვაკეთში 2012 წლიდან მოქმედებს. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ორგანიზაცია "ღამის მგლების" სლოვაკეთის ფილიალთან თანამშრომლობდა.

მედიის ცნობით, 1953 წელს დაბადებულმა თავდამსხმელმა "მოკლე ლულიანი იარაღიდან ისროლა, რომელიც კანონიერად ჰქონდა." 

ტელეარხი Joj წერს, რომ იურაჯ ცინტულა სლოვაკეთში ცნობილი მწერალია, მან რამდენიმე ჯილდო მოიგო მოიგო და 2015 წლიდან პროფესიული ასოციაციის წევრიც იყო. ასევე ვარაუდობენ, რომ 2016 წელს ცინტულა, სავარაუდოდ, კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა, საიდანაც იარაღის ნებართვა აქვს.

მსგავსი სიახლეები