მოკლედ თქმული | რა (არ) შეუძლია დასავლეთის სანქციებს?

 

მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში ხელახლა შესაჭრელად ემზადება და ევროპაში ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის გადასინჯვას ლამობს, დასავლეთში ბევრს მსჯელობენ რუსული აგრესიის პრევენციულ თუ საპასუხო ზომებზე.

ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეები სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში უკრაინის სამხედრო ძალით დახმარებას გამორიცხავენ, თუმცა კრემლის მოსათოკად ეკონომიკური და ფინანსური შეზღუდვების კასკადზე საუბრობენ.

უკრაინაში ინტერვენციისთვის რუსეთს დაუჯდებაო, ამბობს ნატოს გენერალურმა მდივანმა. პუტინთან გამართულ ონლაინ-შეხვედრაში აშშ-ს პრეზიდენტმა კრემლი გააფრთხილა, რომ წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში რუსეთს „აქამდე არნახული სანქციები“ მოელოდა.

მაინც, რა ეკონომიკურ ზომებს შეუძლია მიმართოს დასავლეთმა რუსეთის „შესაკავებლად“? და შეძლებს თუ არა „მწვავე“ სანქციები კრემლზე საკმარისი ზეწოლის მოხდენას?

 

„სვიფტის“ სახრე

გავრცელებული მოსაზრებით, რუსეთისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იქნება „სვიფტიდან“ - ელექტრონული გადახდების მსოფლიო სისტემიდან - გათიშვა.

„სვიფტი“ (SWIFT - მსოფლიოს ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება) 1973 წელს ბელგიაში დაფუძნებული სააქციო საზოგადოებაა, რომელიც ბანკებს, საბროკერო და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს საერთაშორისო ტრანზაქციების სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელების საშუალებას აძლევს.

მაგალითად, თუ რომელიმე გერმანულ კომპანიას რუსული ბუნებრივი აირის ყიდვა სურს, ამისთვის გერმანული საბანკო ანგარიშიდან რუსულ ბანკში თანხის გადარიცხვა მიმღების ანგარიშის ნომრით და “სვიფტის“ სტანდარტიზებული კოდით შეუძლია. ამ გზით ტრანზაქცია ზოგჯერ ხუთ წუთზე ნაკლებ დროში შეიძლება განხორციელდეს.

რუსეთის სისტემიდან გასათიშად აშშ-ს მთავრობას „სვიფტზე“ გავლენის პირდაპირი ბერკეტები არ გააჩნია. „სვიფტის“ მფლობელები სისტემის წევრი ბანკები არიან, რომელთა რიცხვი ათი ათასს აღწევს. ორგანიზაციას 25 კაციანი ბორდი მართავს, რომელშიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეც შედის. თუმცა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვაშინგტონს შეუძლია ე. წ. მეორეულ სანქციებს მიმართოს - ფინანსური შეზღუდვები თავად გადარიცხვების გლობალურ პლატფორმას დაუწესოს.

„სვიფტიდან“ გამორთვა, როგორც საერთაშორისო სანქციების ინსტრუმენტი, დასავლეთმა უფრო ადრე, 2012 წელს, ირანის წინააღმდეგ გამოიყენა. ირანის ბირთვული პროგრამით შეშფოთებულმა აშშ-მ და ევროკავშირმა კომპანიას აიძულეს, ირანული ბანკებისთვის მომსახურებაზე უარი ეთქვა, რამაც ირანის საფინანსო სექტორს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბაზარში შედარებით ნაკლებად ინტეგრირებული ირანის ეკონომიკისთვის „სვიფტიდან“ გამორთვა ფატალური არ აღმოჩნდა. ირანის კომპანიები ირიბი და შემოვლითი გზებით ვაჭრობას დღეს მაინც განაგრძობენ.

რუსეთი ირანზე გაცილებით (7-ჯერ) უფრო დიდი ეკონომიკაა და საერთაშორისო ვაჭრობაშიც მეტადაა ჩართული. ამიტომ, სავარაუდოა, რომ „სვიფტიდან“ დაბლოკვა რუსეთის სავაჭრო ბრუნვას დრამატულად შეამცირებს - მანამდე მაინც, სანამ რუსეთი ტრანზაქციების ახალ პლატფორმებს აუღებს ალღოს. 

 

რუსული „სვიფტი“?

2014 წელს, როცა რუსეთის „სვიფტიდან“ გამორთვის შესახებ ხმები პირველად დაირხა, მოსკოვში „სვიფტისგან“ ავტონომიაზე სერიოზულად დაფიქრდნენ. კრემლმა მალე ელექტრონული გადახდების რუსული პლატფორმა შექმნა. „ფინანსური გზავნილების ტრანსფერის სისტემაში“ (СПФС) დღეს 400-მდე, ძირითადად რუსული ბანკები არიან გაერთიანებული. 2020 წელს მასზე რუსეთში შიდა ტრანზაქციების მეხუთედი მოდიოდა.

თუმცა, რუსული „სვიფტი“ გლობალურ ანალოგს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება - როგორც შეზღუდული დაფარვის, ასევე ტრანზაქციის ხარჯის კუთხით. ამასთან, რუსული სისტემა მხოლოდ სამუშაო დღეებში ფუნქციონირებს, მაშინ როცა „სვიფტი“ მომხმარებლებისთვის მუდმივადაა ხელმისაწვდომი.

„სვიფტისგან“ გათიშვის დასაბალანსებლად, რუსეთს „ეროვნული“ საგადამხდელო სისტემის საერთაშორისო მასშტაბით გაფართოება შეუძლია. ჩინეთი, მსოფლიო ეკონომიკური გიგანტი, „სვიფტის“ ალტერნატივაზე უკვე დიდი ხანია მუშაობს. ამასთან, რუსულ ბანკებს კვლავ შეეძლებათ გადახდების ტრადიციული (თუმცა უფრო ნელი) ფორმების გამოყენება, როგორიცაა „ტელექსი“, ელფოსტა და სატელეფონო ხაზები.

 

სანქციების არსენალი

დასავლეთს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის ბევრი სხვა პირდაპირი თუ ირიბი ბერკეტი აქვს.

ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „სვიფტზე“ მეტი ძალა უშუალოდ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებზე დაწესებულ სანქციებს ჰქონდეთ. აშშ-ს ხაზინის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, ვაშინგტონს რუსეთის სახელმწიფო კომპანიების (როგორიცაა „ВЭБ“ და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი) „შავ სიაში“ შეყვანით გაცილებით მეტი ზიანის მიყენება შეუძლია.

აშშ-ს ხაზინის მიერ ამერიკული კომპანიებისთვის რუსული სამთავრობო ობლიგაციების მეორეული ვაჭრობის (გადაყიდვის) აკრძალვა რუსულ ბირჟას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

კრემლისთვის განსაკუთრებულად სუსტ წერტილს ინდივიდუალური სანქციები წარმოადგენს, რომლებიც რუსი მაღალჩინოსნების და მათთან დაახლოებული ოლიგარქების სანქცირებას გულისხმობს. უფრო „აგრესიული“შეზღუდვების ამოქმედებას პუტინის შიდა წრის წევრები მწარედ იგრძნობენ.

დასავლელ მოკავშირეებს შორის წინააღმდეგობრივად რჩება რუსეთის ენერგოსექტორისთვის სანქციების დაწესება. Nord Stream 2-ი გაზსადენი რუსეთის ენერგეტიკის საფლაგმანო პროექტს წარმოადგენს, რომელიც ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის. ცოტა ხნის წინ გერმანიის ენერგორეგულატორმა - ტექნიკური ხარვეზის გამო - გაზსადენის ლიცენზირების პროცესი შეაჩერა. ამით გერმანიას (უფრო ზოგადად კი, დასავლეთს) რუსეთზე წნეხის განხორციელების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

 

„აუღებელი“ ციხე?

რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის შემდეგ, რაც 2014 წელს ყირიმის ანექსიას მოჰყვა, კრემლში დასავლური სანქციების „გასანეიტრალებლად“ სულ უფრო და უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავენ.

უკრაინის ტერიტორიების მიტაცების გამო დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას მაშინ მართლაც ძვირად დაუჯდა. ერთი დათვლით, სექტორული სანქციები რუსეთის ეკონომიკას წლიურად 50 მილიარდ დოლარამდე აზარალებდა. დასავლელ მოკავშირეებს შორის კოორდინირებულმა შეზღუდვებმა კრემლის კალკულაციაში გარკვეული როლი ითამაშა - პუტინს თავდაპირველად გაცხადებული სამხედრო ინტერვენციის მასშტაბის შეკვეცა მნიშვნელოვნად მოუწია.

თუმცა, სათუოა, შეძლებს თუ არა იმავე ეფექტის მოხდენას დღეს სანქციები. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ტექნოკრატიული მთავრობა საკმაოდ ეფექტიან ფისკალურ პოლიტიკას ატარებდა, რაც ქვეყანაში ბიუჯეტის დეფიციტის კონტროლის შესაძლებლობას იძლეოდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა სავალუტო და ოქროს რეზერვებიც - ეკონომიკური შოკებისგან დამცავი „ბალიში“ - რომლებმაც 620 მილიარდ დოლარს გადააჭარბეს. „შავი დღისთვის“ გადანახულ ეროვნული სიმდიდრის ფონდში კი 200 მილიარდ დოლარამდე ოდენობის ფინანსური რესურსია მობილიზებული.

ამის გათვალისწინებით, რთულია გადაჭრით ითქვას, აიძულებს თუ არა კრემლს პოლიტიკის შეცვლას თუნდაც მასშტაბური ეკონომიკური სანქციების დაწესება.

 

მომზადებულია რადიო თავისუფლებაზე, The Economist-ზე, Financial Times-ზე და სხვა წყაროებზე დაყრდნობით.

მსგავსი სიახლეები