მოლდოვამ Air Moldova-ს რუსეთში ფრენების განახლება აუკრძალა

მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ Air Moldova-ს და სხვა კომპანიებს კიშინიოვსა და მოსკოვს შორის ფრენების განახლება აუკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ შაბათს, 10 სექტემბერს განაცხადა.

მოლდოვის მარეგულირებელის განცხადებაში ნათქვამია, ფრენების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ "უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე" სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) დირექტივების შესაბამისად მიიღო.  

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მოლდოვამ რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. ერთი დღით ადრე Air Moldova-მ განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან მოსკოვში ფრენებს განაახლებს "მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების არაერთი მოთხოვნის შემდეგ, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში და სურთ სახლში დაბრუნება".

"ფრენების განახლების გადაწყვეტილება გამოწვეულია მგზავრების თხოვნით, ისარგებლონ პანდემიის დროს და თებერვალში ფრენების შეჩერების შემდეგ შეძენილი ბილეთებით. ფრენების განახლება [რუსეთის მიმართულებით] არის პასუხი ჩვენი თანამემამულეების თხოვნაზე." - განმარტავენ კომპანიაში.

მარტში EASA-მ რუსულ ავიაგადამზიდებს ან მათ თვითმფრინავებს, მიუხედავად თვითმფრინავის რეგისტრაციის მდგომარეობისა, ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა აუკრძალა. გარდა ამისა, რუსეთისთვის საავიაციო ინდუსტრიაში ტექნიკური დახმარების გაწევაზე აკრძალვა დაწესდა.

მსგავსი სიახლეები