მოლდოვის პრეზიდენტს ევროინტეგრაციაზე რეფერენდუმის ჩატარება სურს
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ 2024 წლის შემოდგომაზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ინიცირებას იწყებს.
ამის შესახებ მან 24 დეკემბერს გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.
სანდუმ გაიხსენა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ახლახან გადაწყვიტეს მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება - "ის, რაც შეუძლებელი ჩანდა სულ რაღაც სამი წლის წინ."
"ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ყველა ოჯახისა და ბავშვისთვის. ჩვენ ასეთი მომავლის გარანტია მხოლოდ როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს გვექნება," - განაცხადა მან.
"ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთელ მსოფლიოს მკაფიოდ ვუთხრათ, თუ რა გზას ვირჩევთ მოლდოვისათვის. მოვუწოდებ პარლამენტს, დაიწყოს რეფერენდუმის ორგანიზება მომავალ შემოდგომაზე, რომელშიც გადამწყვეტი მოქალაქეების ხმა იქნება." - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მან ასევე მოლდოვის მოქალაქეებს სთხოვა მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას 2024 წლის არჩევნებში, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებს "ევროპული ინტეგრაციის მისიის შესასრულებლად."
14 დეკემბერს, ევროკავშირის სამიტზე, წევრი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას.
სანდუმ გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2030 წლამდე დასრულდება.