მონტანას შტატში TikTok ყველა მაცხოვრებლისთვის აკრძალეს
მონტანას შტატის გუბერნატორმა გრეგ ჯანფორტემ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც TikTok-ს კრძალავს. მონტანა აშშ-ს პირველი შტატია, რომელმაც აპლიკაცია სრულად აკრძალა. ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
აკრძალვა მიზნად ისახავს მოქალაქეების უცხოური გავლენისგან დაცვას, რადგან TikTok პეკინში დაფუძნებულ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის.
"ჩინეთის კომუნისტური პარტია TikTok-ს ამერიკელების კონფიდენციალურობის დასარღვევად და მათი პირადი და პერსონალური ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებს, ეს კარგად არის დოკუმენტირებული", - ნათქვამია ჯანფორტეს განცხადებაში. "დღეს, მონტანა იღებს გადამწყვეტ ზომას, რათა დაიცვას მონტანელთა პირადი მონაცემები და მგრძნობიარე პერსონალური ინფორმაცია ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან."
მონტანას შტატში აკრძალვა 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ნებისმიერი App Store, რომელიც TikTok-ის გადმოწერის საშუალებას მისცემს შტატის 1.1 მილიონ მაცხოვრებელს, მონტანას იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდება.
TikTok-ის წინააღმდეგ რეგულაციები ამერიკის კონგრესში ორივე პარტიის წევრების მიერ არის ინიცირებული, მაგრამ განხილვებს სენატის ლიბერტარიანელი წევრი, რენდ პოლი და ქვედა პალატის პროგრესული დემოკრატი წევრი, ალექსანდრია ოკასიო-კორტესი ბლოკავენ.