მონტენეგრომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
მონტენეგროში მყოფი ერთ-ერთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ 12 აგვისტოს მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
"დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის საწინააღმდეგო ქმედებების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონტენეგროში აკრედიტებული რუსეთის ფედერაციის საელჩოს ერთი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა", - ნათქვამია განცხადებაში.
მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის ელჩს, ვლადისლავ მასლენნიკოვს გადაეცა ოფიციალური ნოტა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეს "შვიდდღიანი ვადა მიეცა მონტენეგროს ტერიტორიიდან გასასვლელად".
დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლი აცხადებს, რომ "მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ დროს, თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე, აცნობოს წარმგზავნ სახელმწიფოს, რომ მისიის ხელმძღვანელი ან მისიის დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრი პერსონა ნონ გრატაა."
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფეისბუქზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ტრადიციულად ასეთ შემთხვევებში, პოდგორიცას "დასავლელი მოკავშირეებისადმი ლოიალობის დემონსტრირება სურს". მათი თქმით, ეს "მონტენეგროს ხელისუფლების არაგონივრული ნაბიჯია, რომელიც უდავოდ უარყოფით გავლენას მოახდენს ორმხრივ ურთიერთობებზე" და რომ "პოდგორიცას ამ მტრულ ჟესტს შესაბამისი პასუხი გაეცემა".