მოსკოვის მთავარი რაბინი თანამდებობიდან გადადგა
მოსკოვის მთავარმა რაბინმა და მოსკოვის საგუნდო სინაგოგის რაბინმა პინხას გოლდშმიდტმა ოთხშაბათს, 6 ივლისს განაცხადა, რომ ორივე თანამდებობიდან გადადგა. რაბინმა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო უფლებამოსილების შეწყვეტა გადაწყვიტა, თუმცა ივნისის დასაწყისში იგი ახალი ვადით აირჩიეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РБК მოსკოვის ებრაული რელიგიური თემის პრესმდივანზე დაყრდნობით.
გადადგომის მიუხედავად, გოლდშმიდტმა მემკვიდრე არ დანიშნა.
"მეგობრებო, ჩემი, როგორც მოსკოვის მთავარი რაბინის მუშაობა რუსეთში, ამ დროისთვის დასრულებულია. ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა მოსკოვის საგუნდო სინაგოგაში და რუსეთის ებრაული თემის სასარგებლოდ მთელი ამ წლების განმავლობაში. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს, დარჩით კონტაქტზე და თითოეულ თქვენგანს დავეხმარები", - ციტირებს გოლდშმიდტის მიმართვას მოსკოვის ებრაული რელიგიური საზოგადოების პრესსამსახური.
პინხას გოლდშმიდტმა არაერთხელ ღიად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებებს სსრკ-ს დროში დაბრუნება და ქვეყნის სრული იზოლაცია უწოდა.
DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ომმა გავლენა მოახდინა რუსეთში ებრაული თემის მრავალი წევრის ცხოვრებაზე, რის გამოც მათ რუსეთი უნდა დატოვონ.
ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, 58 წლის გოლდშმიდტმა მეუღლესთან ერთად დატოვა რუსეთი. ეს ოფიციალურად მაისში დედაქალაქის სინაგოგის პროგრამის დირექტორმა ალექსანდრ კარგინმა გამოაცხადა და მისი წასვლის მიზეზად რაბინის მამის ავადმყოფობა დაასახელა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გოლდშმიდტის რძალმა, ჟურნალისტმა ავიტალ ჩიჟიკ-გოლდშმიდტმა ტვიტერზე დაწერა, რომ მას რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის გამო მოუწია რუსეთის დატოვება.
ჩიჟიკ-გოლდშმიდტის თქმით, რუსეთის სპეცსამსახურებმა რაბინს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ღიად მხარდაჭერა მოსთხოვეს, მაგრამ მან უარი თქვა, რის გამოც ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.
გარკვეული პერიოდი ის უნგრეთში იმყოფებოდა, სადაც უკრაინიდან ლტოლვილებისთვის თანხის შეგროვება დაიწყო, შემდეგ კი ისრაელში გადავიდა.