მოსკოვში მოკლულია იანუკოვიჩთან დაახლოებული პირი და სომხური ბატალიონის შემქმნელი

მოსკოვში საავიაციო ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში აფეთქების შედეგად მოკლულია ვიქტორ იანუკოვიჩთან დაახლოებული პირი და რუსეთის მხარეს მებრძოლი ე.წ. სომხური ბატალიონის შემქმნელი, არმენ სარქისიანი. 

სარქისიანი იკავებდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს. აფეთქების შედეგად მოკლულია სარქისიანის პირადი მცველიც. 

რუსული ტელეგრამ წყაროების ცნობით, სარქისიანი საავადმყოფოში გულ-მკერდის არეში მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 

სარქისიანის მიერ დაფუძნებული ე.წ. სომხური ბატალიონი, რომლის ოფიციალური სახელწოდებაც არბატია შექმნა 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო და საბოლოოდ 2023 წელს ჩაერთო საომარ მოქმედებებში. 

ამ დროისთვის ბატალიონი რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი ბოევიკების მიერ შექმნილი სამხედრო ბრიგადის, პიატნაშკას ნაწილია, რომელსაც თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი კერძო სამხედრო კომპანია, რედუტი აკონტროლებს. ამ დროისთვის დანაყოფი კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული. 

სარქისიანს, რომელიც ასევე ცნობილი იყო მეტსახელით გორლოვსკი კრიმინალურ ავტორიტეტადაც ახასიათებენ. სარქისიანი ცნობილი 2013-14 წლებში ღირსების რევოლუციის პერიოდში გახდა, როდესაც უკრაინის პოლიციის ცნობით, აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. ტიტუშკების დანაყოფების ორგანიზებაში და ვიქტორ იანუკოვიჩთან დაახლოებული პირი იყო. 

გამოძიების ცნობით, სწორედ სარქისიანის მიერ ორგანიზებულმა ძალადობრივმა დაჯგუფებმა ჯერ ცემეს და შემდეგ ჩაცხრილეს უკრაინელი ჟურნალისტი ვიაჩესლავ ვერემია. 

რუსეთის ძალოვან უწყებებში RBC-ს წყაროების ცნობით, მაღალი ალბათობით საუბარია შეკვეთილ მკვლელობაზე, ხოლო შენობაში რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. 

უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუვრცელებია. 

 

 

მსგავსი სიახლეები