ნატო და ევროკავშირი წევრ ქვეყნებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდებენ
10 იანვარს, ნატომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას თანამშრომლობის შესახებ. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
"პუტინს სურდა უკრაინის რამდენიმე დღეში ხელში ჩაგდება და ჩვენი გაყოფა. ორივე მიმართულებით მან აშკარა წარუმატებლობა განიცადა," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ორი გაუთვალისწინებელი შედეგი აქვს: მან გააძლიერა და დააახლოვა ევროკავშირი და ნატო.
"პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ მიაღწია საპირისპიროს: ახლა უფრო მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი იქნება," - აღნიშნა მიშელმა. მისი თქმით ალიანსში შვედეთი და ფინეთი აუცილებლად შევლენ, ასევე უკრაინის, მოლდოვასა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭებაზე.
ორგანიზაციების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის შესახებ მესამე დეკლარაციის მიზანი (წინა ორს ხელი მოეწერა 2016 და 2018 წლებში) არის მათი ურთიერთქმედების გაფართოება. თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, გარეგანი ჩარევისა და ინფორმაციის მანიპულირებისადმი მდგრადობის გაზრდა, კიბერ საფრთხეებთან და ტერორიზმთან ბრძოლა, კოსმოსის კვლევა, ახალი ტექნოლოგიები და გლობალურ უსაფრთხოებაზე კლიმატის კრიზისის შედეგების შერბილება.
ევროკავშირი და ნატო უკრაინის უახლესი სამხედრო ტექნიკით მომარაგებას ითხოვენ
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს ჰკითხეს, მხარს უჭერენ თუ არა ისინი ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც განიხილავენ უკრაინისთვის დასავლური წარმოების საბრძოლო ტანკების მიწოდებას, როგორიცაა Leopard 2 ან Challenger 2.
"ვფიქრობ, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო სამხედრო ტექნიკა, რომელიც მას სჭირდება და შეუძლია გამოიყენოს სამშობლოს დასაცავად," - თქვა ფონ დერ ლაიენმა. "და ეს, რა თქმა უნდა, არის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები, ისევე როგორც სხვა ტიპის, ყველაზე თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები."
"მივესალმები შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის განცხადებებს უკრაინისთვის ახალი ტიპის ჯავშანტექნიკის, ქვეითთა საბრძოლო მანქანების და სხვა ტიპის ჯავშანტექნიკის მიწოდების შესახებ." - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მათ შარლ მიშელიც დაეთანხმა: "ძალიან მოხარული ვარ, რომ რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან ევროკავშირის ქვეყნებმა შეძლეს უკრაინისთვის უფროდაუფრო მეტი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება. ევროკავშირის საბჭომ არაერთხელ გაიმეორა თავისი მოწოდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის შესახებ."
მიშელმა გაიხსენა, რომ 24 თებერვლიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა კიევს დაახლოებით 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება უკვე გაუწიეს.