ნატო ტალინში მასშტაბურ კიბერუსაფრთხოების წვრთნებს ჩაატარებს
ნატოს კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობის ცენტრი 18-დან 21 აპრილამდე ტალინში მსოფლიოს უდიდეს კიბერუსაფრთხოების წვრთებს - Locked Shields 2023-ს ჩაატარებს, რომელშიც მონაწილეობას 3000 ადამიანი მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ERR ავრცელებს.
Locked Shields 2023-ზე მონაწილეები გაუმკლავდებიან კიბერუსაფრთხოების რეალურ გამოწვევებს, როგორიცაა ელექტრო ქსელებზე თავდასხმები, ქსელების თავდაცვის უნარის გაძლიერება და კრიტიკულ სიტუაციებში ტაქტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.
"კიბერუსაფრთხოების სხვა წვრთნები არ გვთავაზობს ისეთ სპეციფიკურ და დეტალურ გამოცდილებას, როგორიც არის Locked Shields-ზე. 24 გუნდს მთელი მსოფლიოდან მოუწევს კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და IT სისტემების გადარჩენა", - თქვა ნატოს კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობის ცენტრის დირექტორმა მარტ ნორმმა.
მან აღნიშნა, რომ წვრთნებს 500 ორგანიზატორი ამზადებდა შვიდი თვის განმავლობაში და შექმნეს 5500-ზე მეტი შესაბამისი ვირტუალური სისტემა.
სწავლებაში, რომელიც 2010 წლიდან ტარდება, წელს 38 ქვეყნის გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ნატოს კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობის ცენტრი ტალინში მდებარეობს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს.