ნატოს ძალები ჩრდილოეთ კოსოვოში პატრულირებას აძლიერებენ
ნატოს კოსოვოს ძალების (KFOR) კონტინგენტმა ამ კვირაში გააძლიერა პატრულირება ჩრდილოეთ კოსოვოში და ყურადღებით აკვირდება რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. შესაბამის განაცხადებას მისია Twitter-ზე 16 დეკემბერს ავრცელებს.
"ოქტომბრიდან ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს წარმომადგენლობას, მათ შორის, ამ კვირაში დამატებითი ძალებითა და პატრულით ჩრდილოეთ კოსოვოში. ჩვენ ველით, რომ ყველა მხარე მჭიდროდ ითანამშრომლებს KFOR-თან და თავს შეიკავებს ძალის პროვოკაციული დემონსტრაციისგან, რათა უზრუნველყოს ყველა თემის უსაფრთხოება", - ნათქვამია განცხადებაში.
კონტიგენტის სარდლობამ ასევე ყველა მხარეს მოუწოდა, უზრუნველყონ კოსოვოში გადაადგილების თავისუფლება. KFOR-მა აღნიშნა, რომ გააგრძელებს გაეროს მანდატის შესრულებას კოსოვოს ყველა თემისთვის და მოუწოდა "ეძიონ გადაწყვეტა დიალოგის გზით".
მანამდე სერბეთმა ნატოს KFOR-ის მისიას სთხოვა, რომ დაუშვას სერბეთის პოლიციისა და სამხედრო ძალების განლაგება კოსოვოში გაზრდილი ეთნიკური დაძაბულობის გამო.
კოსოვოში, სადაც ეთნიკურად სერბი მოსახლეობაც ცხოვრობს, ქუჩებში არეულობა და პოლიციასთან დაპირისპირება იყო. ჩრდილოეთ კოსოვოს მერის არჩევნები, რომელიც 18 დეკემბერს იყო დაგეგმილი, 23 აპრილისთვის გადაიდო. როგორც პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანმა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ განმარტა, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაღალი აქტივობა და დამკვირვებლების ყოფნა.
არჩევნების ჩატარების საჭიროება სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტის მორიგი ესკალაციის ფონზე გაჩნდა. სერბმა მერებმა და მუნიციპალური საკრებულოს წარმომადგენლებმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც კოსოვოს ხელისუფლებამ შესვლის ახალი წესები დააანონსა.