ნავალნი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ვლადიმირის რეგიონის პოკროვში მდებარე კოლონიიდან მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ TASS-ს მისმა ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ განუცხადა.

მისი თქმით, ადვოკატებს პოკროვის კოლონიაში უთხრეს, რომ ოპოზიციონერი იქ აღარ იმყოფება და ის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. თუმცა, მათ არ დაუზუსტეს, რომელ კოლონიაში გაგზავნეს ნავალნი.

მიხაილოვამ განმარტა, რომ ამის მიზეზი თაღლითობის საქმეზე განაჩენის ძალაში შესვლაა. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ნავალნის ახალ ციხეს მაშინვე მოინახულებს, როგორც კი მდებარეობას ზუსტად გაიგებს.

აღნიშნულ საქმეზე ნავალნის 22 მარტს ცხრა წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა. რუს ოპოზიციონერს ანტიკორუფციული ფონდისა და სხვა არაკომერციული ორგანიზაციების შემოწირული თანხის, 356 მილიონი რუბლის პირადი მიზნებისთვის უკანონო ხარჯვა ედება ბრალად.

ნავალნიმ ამ საქმეს "პუტინის ისტერია" უწოდა.

მსგავსი სიახლეები