ნავალნის დედა: გამომძიებლები მემუქრებიან, სურთ ალექსეი მალულად დაკრძალონ

ლუდმილა ნავალნაიას თქმით, სამართალდამცავი უწყების გამომძიებლები კვლავ არ აძლევენ შვილის ცხედარს და ემუქრებიან.

ამის შესახებ ლუდმილა ნავალნაიას მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაშია საუბარი.

"ამწამს გამოვედი ქალაქ სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტიდან. იქ თითქმის 24 საათი მარტომ გავატარე, გამომძიებლებთან და კრიმინალისტებთან, ადვოკატი მხოლოდ დღეს სადილის შემდეგ შეუშვეს. გუშინვე საღამოს მათ ფარულად წამიყვანეს პროზექტურაში და მანახეს ალექსეი. გამომძიებლები ირწმუნებიან, რომ მათთვის ცნობილია გარდაცვლალების მიზეზი, რომ მათ მზად აქვთ ყველა იურიდიული და სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც მე მანახეს, ხოლო სიკვდილის დადასტურების სამედიცინო დოკუმენტს ხელი მოვაწერე. კანონის მიხედვით, მათ დაუყოვნებლივ უნდა გადმოეცათ ცხედარი, თუმცა ეს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამის მაგივრად ისინი მაშანტაჟებენ და მიყენებენ პირობებს თუ სად, როდის და როგორ უნდა დაიკრძალოს ალექსეი - ეს უკანონოა. ჩემი თანდასწრებით ისინი იღებენ ბრძანებებს ან კრემლიდან ან საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატიდან. მათ სურთ, რომ ეს საიდუმლოდ დამშვიდობების გარეშე მოხდეს. მათ სურთ მიმიყვანონ ახალგათხრილ საფლავთან და მითხრან - აქ წევს თქვენი შვილი, მე ამას არ ვეთანხმები. მე მსურს, რომ თქვენ, ვისთვისაც ალექსეი ძვირფასია და ვისთვისაც მისი გარდაცვალება პირადი ტრაგედია გახდა ქონდეთ მასთან გამომშვიდობების საშუალება. ამ მიმართვას ვწერ იმიტომ, რომ ისინი უკვე მემუქრებიან, თვალებში მიყურებენ და მეუბნებიან, რომ თუ კი საიდუმლო დაკრძალვს არ დავთანხმდები, ცხედარს რაღაცას უზამენ. გამომძიებელმა ვირიპაევმა პირდაპირ მითხრა - დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, ცხედრები იხრწნებიან. მე არ ვითხოვ განსაკუთრებულ პირობებს, მე მინდა, რომ ყველაფერი კანონით მოხდეს. მე ვითხოვ ჩემი შვილის ცხედარს დაუყოვნებლივ",- ნათქვამია განცხადებაში.

კონტექსტი

უკვე მეშვიდე დღეა რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ოჯახის წევრებს უარს ეუბნება ცხედრის გადაცემაზე. თავდაპირველად გაურკვეველი იყო ცხედრის ადგილსამყოფელიც, ამის დადგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილზე ნავალნის დედა და ადვოკატი ჩავიდნენ. ლუდმილა ნავალნაიამ რამდენიმე დღის წინ პირადად მიმართა ვლადიმირ პუტინს ცხედრის გადაცემის თხოვნით. ვლადიმირ პუტინს ნავალნის გარდაცვალების შესახებ ამ დრომდე არაფერი უთქვამს, თუმცა მისი პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტს მომხდარის შესახებ მალევე აცნობეს. ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს ადგილობრივი დროით 14 საათსა და 17 წუთზე გარდაიცვალა. პოლიტიკოსის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. რუსეთის პენიტენციური სამსახურის ცნობით, ნავალნი ყოველდღიური გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა, ხოლო ადგილზე მისულმა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები