ნიდერლანდები უკრაინას შაშხანებს, რადარებს და სხვა საბრძოლო მასალებს გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინას სნაიპერულ შაშხანებს, რადარებს, ჩაფხუტებს, ნამსხვრევების საწინააღმდეგო ჟილეტებს და სხვა სახის საბრძოლო მასალებს გადასცემს.
კერძოდ საუბარია 100 სნაიპერულ შაშხანასა და 30 ათას ერთეულ ტყვიაწამალზე. გარდა ამისა უკრაინა მიიღებს 5 ცალ შეიარაღების აღმომჩენ რადარს, ასევე 2 რადარს ბრძოლის ველზე დასაკვირვებლად და 2 რადარს საზღვაო მინების აღმოსაჩენად.
გარდა ამისა ნიდერლანდები უკრაინას გადასცემენ 3 ათას საბრძოლო ჩაფხუტს და 2 ათას ნამსხვრევების საწინააღმდეგო ჟილეტს.
ნიდერლანდებში განიხილებოდა უკრაინისთვის სხვა ტიპის შეიარაღების გადაცემაც, თუმცა ეს ევროკავშირის საექსპორტო წესებით და ასევე, იმ გარემოებით არის შეზღუდული, რომ შეიარაღების გადაცემასთან ერთად აუცილებელია ინსტრუქტორების გაგზავნაც, რაც ამ დროისთვის შეუძლებელია.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ხაზი გაუსვა, რომ ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის გადასაცემი იარაღი მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისააა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გამოყენება საჭირო არ გახდება.