Nikkei: აშშ-მ ავიამზიდები ტაივანის მახლობლად გადაიყვანა
აშშ-მ ავიამზიდი და სადესანტო სამხედრო ხომალდები ტაივანის რაიონში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Nikkei Asia ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ტაივანთან ახლოს იმყოფება ავიამზიდი "რონალდ რეიგანი", რომელმაც სინგაპურის წყლები 26 ივლისს დატოვა და მიიღო ბრძანება წასულიყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტაივანის მიმართულებით.
ავიამზიდთან ერთად ტაივანს მიუახლოვდა სადესანტო ხომალდი "ტრიპოლი" და "ამერიკა", რომლებიც იაპონიის კუნძულ ოკინავას მახლობლად იმყოფებიან.
გარდა ამისა, კიდევ ერთი ავიამზიდი "ესექსი" და კიდევ 36 ხომალდი ამ დროისთვის იმყოფებოდა ჰავაის წყლებში.
საზღვაო ფლოტის გადასროლა ნენსი პელოსის აზიური ტურნეს ფონზე მიმდინარეობს - აშშ-ს კონგრესისი სპიკერი 4 აზიურ სახელმწიფოში გამართავს ვიზიტებს.
ვიზიტის დაწყებამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ პელოსი კონგრესმენების დელეგაციასთან ერთად ტაივანსაც ეწვეოდა, თუმცა ჩინეთის მკაცრი რეაქციის შემდეგ, პელოსის ოფიციალურ გრაფიკში ტაივანის ვიზიტი აღარ შევიდა.
მიუხედავად ამისა, CNN-ის ცნობით, ნენსი პელოსი შესაძლოა მაინც ეწვიოს ტაივანს. დღეს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პელოსის ვიზიტის შემთხვევაში სახალხო რესპუბლიკის არმია "ხელებდაკრეფილი არ იქნება და ვიზიტი სავალალო შედეგებით დასრულდება".
ამ საკითხს შეეხნენ აშშ-ს და ჩინეთის ლიდერებიც სატელეფონო საუბარში.
სი ძინფინგმა ჯო ბაიდენი გააფრთხილა, არ ეთამაშონ ცეცხლს. თავის მხრივ პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ - პენტაგონში განაცხადეს, რომ ტაივანში პელოსის ვიზიტი კარგი იდეა არ არის.
ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი
ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად, ტაივანს დამარცხებული გენერლის, ჩან კაიშის პარტია მართავდა.
ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს ის თუნდაც ძალის გამოყენებით.
ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები.
ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს - მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს.
ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს.