Nord Stream 2-ის ოპერატორმა გერმანული ფილიალი გახსნა
Nord Stream 2-ის ოპერატორმა კომპანიამ გერმანული ფილიალი გახსნა, ამით კომპანია გაზსადენის იმ სექტორს, რომელიც გერმანიის ტერიტორიულ წყლებში გადის, გააკონტროლებს.
გაზსადენის შვეიცარიულმა ოპერატორმა Nord Stream 2 AG-მ - რომელსაც სანახევროდ რუსული სახელმწიფო კომპანია გაზპრომი ფლობს - აღნიშნული ნაბიჯი გერმანული კანონმდებლობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გადადგა.
გასული წლის ნოემბერში გერმანიის ფედერალურმა ენერგორეგულატორმა გაზსადენის, რომელიც რუსეთს და გერმანიას აკავშირებს, ლიცენზირების პროცესი შეაჩერა.
რეგულატორმა გაზსადენის ოპერატორისგან კაპიტალის და ადამიანური რესურსების გერმანული ფილიალის ბალანსზე გადატანა მოსთხოვა.
ამოქმედების შემთხვევაში Nord Stream 2-ი, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, გერმანიაში პირდაპირი გზით იმპორტირებული რუსული გაზის მოცულობას გააორმაგებს.
Nord Stream-ის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ გაზსადენი ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ამასთან, საფრთხე ექმნება უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს.
რუსეთის უკრაინაში ხელახლა შეჭრის შემთხვევაში აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები გაზსადენზე სანქციების დაწესებას აპირებენ.
გერმანიის მთავრობას გაზსადენის მიმართ არაერთგვაროვანი პოზიცია აქვს. ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ Nord Stream 2-ი „წმინდად კერძო სექტორის პროექტია“, თუმცა კრემლის მიერ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში ზომების მიღებას არ გამორიცხავს.
ოთხშაბათს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ თუ რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრებიან, ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რომ გაზსადენი არ ამოქმედდეს.