ნულანდი: რუსი სამხედროები პუტინს დაჰპირდნენ, რომ კიევს ხუთ დღეში აიღებდნენ
რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა ვლადიმირ პუტინს დაჰპირდა, რომ ხუთ დღეში აიღებდა კიევს, ორ კვირაში კი მთელ უკრაინას დაიკავებდა. ამის შესახებ 24 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა კიევის უსაფრთხოების ფორუმზე ონლაინ დისკუსიის დროს განაცხადა.
"როდესაც ჩვენ პირველად შემოდგომაზე გავიგეთ ამ ომზე პუტინის სამხედრო გეგმების შესახებ. მისმა სამხედროებმა უთხრეს, რომ ის ხუთ დღეში კიევში იქნებოდა და ორ კვირაში მთლიანად გააკონტროლებდა უკრაინას", - განაცხადა ნულანდმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის გამბედაობის წყალობით ეს გეგმები არ განხორციელდა.
"ზუსტად იმის გამო, რასაც ყოველი თქვენგანი აკეთებს, ყველა კაცი, ქალი, ბავშვი, ყველა, ვინც გაწირა თავი, ეს არ მოხდა და რუსი სამხედროების წინსვლა ახლა თითქმის შეჩერდა. თქვენ აოცებთ მთელ მსოფლიოს თქვენი სიმამაცით, თქვენი ძალით, თქვენი პატრიოტიზმით. თქვენ იბრძვით ყველა ჩვენგანისთვის, იბრძვით მთელი თავისუფალი სამყაროსთვის", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
ნულანდის თქმით, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად დასავლეთი უკრაინას იარაღით ეხმარება.
ნულანდმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინას დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის შეიარაღება მიაწოდა.
"ეს არის ის სისტემები, რომლებიც გჭირდებოდათ, რომლებიც თქვენ მოითხოვეთ და რომელსაც შეუძლია მართლაც შეცვალოს ვითარება ამ ომში და პუტინის ტანკები, თვითმფრინავები და ახლა უკვე გემებიც ლითონის ჯართად აქციოს", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
მან ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირეები აცნობიერებენ რა ტიპის შეიარაღება სჭირდება უკრაინას და აქტიურად მუშაობენ ამაზე.
"ჩვენ ვეძებთ ახალ სისტემებს, რომელთა მიწოდებაც შეგვიძლია. მათზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს არ იქნება კარგი თქვენი ოპერატიული უსაფრთხოებისთვის", - თქვა ნულანდმა.